Tevzebi - meTevzeTa etiketi
ამხანაგთან ერთად მიხვედით თევზაობის ადგილას და სათევზაო მოწყობილობის მომზადების შემდეგ თევზაობისთვის მოემზადეთ. უკან დარჩა შრომითი კვირის შფოთვები, სათევზაოდ მზადება, მგზავრობის სირთულეები და თქვენ ტკბებით დასვენებით, კარგი ამინდით და სიხარულით მოელით მომხიბლავ თევზაობას. მაგრამ უცებ ზაფხულის საღამოს სიჩუმეში გესმით, რომ ადგილს, სადაც დაბანაკდით, ახალგაზრდების ხმაურიანი ჯგუფი უახლოვდება. ისინი თქვენს სიახლოვეს, უშუალოდ თქვენს გვერდით იწყებენ დაბანაკებას, შლიან კარვებს, ხსნიან მარაგებს, იწყებენ ხეების და ბუჩქების ჭრას კოცონისთვის. ზოგიერთს ამ ჯგუფში ანკესი აქვს და ისინი უცერემონიოდ გიჯდებიან გვერდით, მაგრამ ამხანაგების დაძახილზე მალევე მიემართებიან თავიანთი კოცონისკენ, ანკესებს კი წყალთან ტოვებენ. იწყება სმა, რომელიც შუაღამემდე გრძელდება და თანდათან ხმაურიც მატულობს. და ეს საუკეთესო შემთხვევაში, როდესაც თქვენ არანაირ უკმაყოფილებას არ გამოთქვამთ ასეთი ჯგუფის ახლო მეზობლობის გამო. მაგრამ, თუ მოთმინებას დაკარგავთ და შენიშვნის მიცემას გადაწყვეტთ, შედეგი კიდევ უარესი იქნება...
სათევზაოდ წასულ თითოეულ ადამიანს შეუძლია წყალსატევის ნებისმიერ თავისუფალ ადგილას გაჩერება სამოყვარულო თევზჭერისთვის. მაგრამ, თუ ეს ადგილი სხვა, უფრო ადრე მისულ მეთევზეებს აქვთ დაკავებული, არავის არავითარი უფლება არ აქვს იდავოს, ილაპარაკოს იმაზე, თითქოს ამ ადგილას ვიღაცამ თევზი კვებით მიიჩვია ან თითქოს აქ ვიღაც მუდმივად თევზაობს. ეს დებულება ყველას უნდა ახსოვდეს და ადგილზე კამათით წყალსატევზე არაჯანსაღი ვითარება არ უნდა შექმნას.
სხვა მეთევზეების მეზობლად განლაგებისას აუცილებელია დისტანციის დაცვა, რათა თქვენი მოქმედებით ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ. ადრე წესებით გათვალისწინებული იყო სულ მცირე 20 მ მანძილი, და უნდა ითქვას – ეს სავსებით მიზანშეწონილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე კოჭა მოწყობილობა (მათ შორის სპინინგით ძარძაყზე ჭერისას) განაპირობებს სატყუარას შორს გადაგდებას და ერთმანეთთან ახლოს განლაგებული მოწყობილობები ხელს უშლის ერთმანეთს, ანკესზე წამოგებისას და თევზის წყლიდან ამოყვანისას კი შეიძლება აიბურდოს.
წყალსატევებზე მყოფი ყველა მეთევზე თქვენი კოლეგაა ჰობის კუთხით და ყველამ აუცილებლად უნდა დაიცვას თავაზიანობის ელემენტარული ნორმები: შეხვედრისას - მივესალმოთ, მაშინაც კი, თუ ამ მეთევზეს პირველად ვხედავთ, მიმართვა „თქვენობით“ უნდა იყოს, საუბარი კი, ასაკის მიუხედავად, უნდა იყოს ურთიერთ თავაზიანი და პატივისმცემელი. და, რა თქმა უნდა, საუბარში მთლიანად უნდა გამოირიცხოს ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი, მით უმეტეს უცენზურო სიტყვები და გამოთქმები. ანგრძლივი საუბრით არ დაღალოთ მეზობელი მეთევზე, ყველას ხომ არ უნდა შეუჩერებელი ყბედობა, ბევრნი სათევზაოდ ბუნების წიაღში სიჩუმით დასატკბობად მიდიან, და ყველა არაა ხანგრძლივი საუბრის მოყვარული.
სხვა საქმეა, როდესაც მეზობელი მეთევზე რაიმე თხოვნით ან შეკითხვით მოგმართავთ. ასეთ დროს კეთილსინდისიერად უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი, დავეხმაროთ წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში, გავუზიაროთ სატყუარა, ნემსკავი, ტვირთი და სხვა წვრილმანი – ასეთ მდგომარეობაში თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ! ურთიერთპატივისცემა და ურთიერთდახმარება ყველა მეთევზისთვის კანონი უნდა იყოს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოურიდებელი მეურვეობის, მეგობრული თანაგრძნობის მახინჯ ფორმას არ იღებს. მაგალითად, თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მეზობლის ანკესს თევზი წამოეგო, ის კი ამ დროს თავის ადგილზე არ არის, არ უნდა სცადოთ მისი მოწყობილობის აღება, ამოკვრა და თევზის ამოყვანა, აუცილებელია სწრაფად აცნობოთ მას, რომ მის ანკესს თევზი წამოეგო.
ყველაფერი, რაც წყალსატევზე მეთევზეს გარს აკრავ, ხელშეუხებელი უნდა იყოს. არ შეძლება ნაპირზე ბუჩქების, მით უმეტეს ხეების, ჩეხვა და მტვრევა: სადგამებისა და კოცონისთვის ყოველთვის შეიძლება ზეხმელის და ძველი კოცონის ნარჩენების შეგროვება. თუ ნედლი ხის ჯოხია აუცილებელი (მაგალითად, კარდალას ჩამოსაკიდად), მისი მოჭრა შეიძლება ხშირი ტირიფის ბუჩქნარში, ისე, რომ ხელი არ ვახლოთ ხეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდას. თუ თან კარავი გაქვთ, მისი ჭოკი და პალოებიც უნდა წაიღოთ, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ ბუჩქნარის ნახევრად ხმელი ნაწილი, სადაც ის ძალიან ხშირია და სხვადასხვა ხის ტანი ერთმანეთს უშლის ხელს.
თავად კოცონი არ უნდა დავანთოთ ხეების (განსაკუთრებით წიწვოვანის) ახლოს, რათა არ დავაზიანოთ ისინი, აგრეთვე ტყის ხანძრის წარმოქმნის საფრთხის გამო. მეთევზის დილა თუ ძველი კოცონის ადგილები არსებობს, უკეთესია მათი გამოყენება – ნაპირის მცენარეულობა ნაკლებად დაზარალდება. არ შეიძლება კოცონის დასანთებად არყის ხის ქერქის აგლეჯა, უკეთესია წვიმიანი ამინდის შემთხვევისთვის წინასწარ მოვიმარაგოთ მშრალი სპირტის აბები, ბურბუშელა და პენოპლასტის ნაჭრები და ა.შ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ტირიფის ბუჩქნარის ხმელი ტოტები (ის ტკაცანით ტყდება) ძალიან მოსახერხებელია კოცონის დასანთებად. გარედან წვიმით დასველებულსაც კი მათ, ქვეშ ჩადებულ გაზეთის ნაგლეჯთან ერთად, ალი სწრაფად ედებათ. მათზე ტოტების ფენის (სასურველია ზეხმელიდან) თანდათანობითი დამატებით და ამ ტოტების დიამეტრის გაზრდით პატარა წვიმის დროსაც შეიძლება კოცონის კარგი აალების მიღწევა.
ხშირად არაა საჭირო ნაპირზე ბევრი კოცონის დანთება, განსაკუთრებით მარტო მყოფი მეთევზეებისა და პატარა ჯგუფებისთვის. წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ერთი საერთო კოცონი, რომლის ერთად შეგროვებაც უფრო მოსახერხებელია, აგიზგიზების საშუალებაც მოინახება, მეგობრებთან (თუნდაც უბრალოდ ნაცნობებთან და თევზაობისას პირველად გაცნობილებთანაც კი) ერთად ჩამოსხდომა კი ყოველთვის სასიამოვნოა, მით უფრო, რომ საერთო გატაცენის შესაებ ბევრი საინტერესოს მოსმენა და გამოცდილების გაზიარებაც შეიძლება. ოღონდ, ამ დროს არ არის საჭირო „ბახუსისთვის პატივის მიგება“, არ ღირს თევზაობის და კოცონთან დასვენების გაფუჭება ალკოჰოლური სასმელებით.
რა თქმა უნდა, ზოგჯერ ცივ ამინდში დასველებული მეთევზეებისთვის აუცილებელია გათბობა. კარდალაში მოდუღებული ან თერმოსში დაყენებული ჩაი ნორმალურ მდგომარეობაში დაგაბრუნებთ, კოცონთან კი ყოველთვის შეიძლება გაშრობა და გათბობა.
ყველამ უნდა გავიგოთ, რომ გარემოს რესურსები უსაზღვრო არ არის, რომ ბუნებისადმი ბარბაროსული დამოკიდებულებით ჩვენ საკუთარ თავს ვვნებთ. ხე რომ გაიზარდოს არაერთი ათეული წელია საჭირო, მოსაჭრელად კი ათიოდე წუთიც საკმარისია. და თან აქ ხეს თავიდან არავინ დარგავს, არ გაზრდის! ნაპირის ბუჩქნარი მრავალი ფრინველისა და ცხოველის თავშესაფარია, ნაპირებს გაზაფხულის წყალდიდობისგან იცავს, ისევე როგორც ლერწამი, ისლი და სხვა მრავალწლიანი მცენარეები, რომლებიც თავიანთი ფესვებით იჭერენ და ამაგრებენ ნაპირის კიდეს.
თავად წყალსატევი? რომელ ჩვენგანს არ ამოუღია წყლიდან ნემსკავზე მოდებული ძონძები, ძველი ფეხსაცმელი და ტურისტების მიერ წყალში გადაყრილი სხვა ნივთები, აღარაფერს ვამბობთ ბოთლების, შუშების, თუნუქის ქილების და სხვა ნაგვის შესახებ. ასეთი ვაი-ტურისტები, რომლებიც ანაგვიანებენ წყალსატევის ფსკერს, უფიქრელად და სასტიკად ქურდავენ საკუთარ თავს და თავიანთ ამხანაგებს, აქცევენ რა ოდესღაც სუფთა, ქვიშიან-ქვიანი ფსკერის მქონე წყალსატევს ბინძურ წყალქვეშა ნაგავსაყრელად. გადაგდებულიდან რაღაც წყალში ლპობას დაიწყებს, მოწამლავს მას და დააფრთხობს თევზს, გადაგდებული ნივთების უმრავლესობა კი წლების განმავლობაში დაგროვდება ფსკერზე და წყლის ყველა ბინადარისთვის უცხო „ცივილიზებული“ ნაგვის ფენას წარმოქმნის.
ცნობილია, რომ მიწის ზედაპირზე ჰუმუსიანი ნაყოფიერი შრის რომელზეც შესაძლებელია მცენარეულობის ზრდა სპონტანური, ბუნებრივი წარმოქმნა ბუნებაში ძალიან ნელი პროცესია 1 მმ 100 წლის განმავლობაში. ასევე წყალსატევის ფსკერიც, სადაც წყლის არსებები ცხოვრობენ და მრავლდებიან, ბუნებაში მცენარეებისა და ცხოველთა სამყაროს მრავალწლიანი ურთიერთდაკავშირებული ბიოქიმიური ქმედების შედეგად წარმოიქმნება. წყალსატევის ცხოვრებაში, წყლის ფსკერული შრეების ბიოქიმიურ შემადგენლობაში და ფსკერის საფარველში უხეში, მრავალჯერ განმეორებული ჩარევა არღვევს ამ წონასწორობას და მდინარეებისა და ტბების თვითგაწმენდის დიადი, ათასწლეულების განმავლობაში აწყობილი მექანიზმი სამუდამოდ ნგრევას იწყებს. ნაპირის მცენარეულობას მოკლებული მდინარეები მარჩხდება, ირეცხება ნაპირები, ქრება თევზისთვის ჩვეული საკვები და თევზის რაოდენობა მცირდება.
ნუ დაანაგვიანებთ წყალსატევებს, ნუ გაჩეხავთ და ნუ დაწვავთ ნაპირის მცენარეებს, მოუფრთხილდით ნაპირის ბალახის საფარველს, ნუ დაანგრევთ ფრინველების და ნაპირის სხვა ბინადრების ბუდეებს, ნუ შეაწუხებთ ჭიანჭველების ბუდეებს, შეაგროვეთ თქვენი ნაგავი, დაიცავით საუკუნეების განმავლობაში ბრძნულ ეკოლოგიურ წონასწორობაში შექმნილი ბუნების ყველა სიმდიდრე და ბუნება თქვენ და თქვენს შემდგომ თაობებს შესანიშნავი დასვენებითა და კარგი ნათევზავებით დაგასაჩუქრებთ.
ლოქო | 60 სანტიმეტრ |
ფარგა | 40 სანტიმეტრი |
ჭერეხი | 30 სანტიმეტრი |
ამური | 40 სანტიმეტრი |
ჭანარი | 35 სანტიმეტრი |
ქარიყლაპია | 30 სანტიმეტრი |
კობრი | 30 სანტიმეტრი |
საზანი | 30 სანტიმეტრი |
კაპარჭინა | 25 სანტიმეტრი |
გუწუ | 25 სანტიმეტრი |
წვერა | 25 სანტიმეტრი |
ხრამული | 20 სანტიმეტრი |